Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია
და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია
და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია
Ebook785 pages5 hours

და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია

Rating: 3.5 out of 5 stars

3.5/5

()

Read preview

About this ebook

მეფე დარიავახუშის (დარიოს I) ზეობის შუა პერიოდი. ორი ნათელი ახალგაზრდა სახე: მზისია, სვანთა მთავრის თავნება ასული და ქშაიარშა (ქსერქსე I), სპარსეთის ტახტის უშიშარი მემკვიდრე; წყალი და ცეცხლი, რა ძალამ უნდა შეჰყაროს ერთად ეს ორი ბუნებით დაპირისპირებული სტიქია? შვიდ წიგნად წარმოდგენილი ისტორიული რომანის: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ ძირითადი დილემაც სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტა გახლავთ. რომანის პირველი ნაწილი: „იყო ერთი უძლეველი იმპერია“ მზისიასა და ქშაიარშას ყმაწვილობასა და მათი ურთიერთობების დასაწყისზე მოგვითხრობს. მათი თავბრუდამხვევი სასიყვარულო თავგადასავლების ფონზე მკითხველი საკმაოდ დეტალურად გაეცნობა აქამენიდთა იმპერიის სამეფო კარს და ქშაიარშას უახლოეს სამეგობროს, რომელთა ნაწილიც მომავალში სახელოვანი სარდლები გახდებიან.
ამ წიგნში წარმოჩენილი მოვლენები და ხასიათები ძირითადად ანტიკური ხანის ბერძნულ-რომაულ წყაროებსა და არქეოლოგიურ მასალების თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება . ასე რომ, როდესაც ამ რომანის ფურცლებზე მონა შეგხვდებათ, მდიდარი ვაჭარი ან მეფისწულის ძიძა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისინი რეალური პიროვნებები იყვნენ.

„რამდენადაც ვიცნობთ აქემენიდურ ირანთან დაკავშირებულ მხატვრულ ლიტერატურას, მსგავსი მოცულობის, სიღრმისა და სინამდვილესთან ასე მიახლოებული მხატვრული ნაწარმოები ჯერ არ შექმნილა...
ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს, ცირა გელენავას, დასავლეთის ცნობიერებაში, აქემენიდურ ირანზე ზნეობისა და ისტორიული სიმართლის აღსადგენად, ერთი დიდი რევოლუცია მოეხდინოს.“

ნომადი ბართაია
აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,
ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრის გამგე,
მწერალი, ირანული ლიტერატურის მთარგმნელი

„გარდა მხატვრული ღირებულებისა, ცირა გელენავა-ვოლობუევას რომანი: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ მეცნიერული თვალსაზრისითაც იმდენად საინტერესოა, რომ მე მას აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აუცილებელი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ნუსხაში შევიტანდი.“

მაია სახოკია
აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდურ-ირანული ენების განყოფილების ხელმძღვანელი, მკვლევარი, მწერალი, აქემენიდური წარწერების მთარგმნელი

Languageქართული ენა
PublisherTsira Gelen
Release dateJul 14, 2018
ISBN9789941802546
და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია
Author

Tsira Gelen

Hi! My real name is Tsira Gelenava-Volobueva, and I am from Georgia, a country located right where the East meets the West. I completed five years at the Tbilisi State University with honors and became a Philologist. I taught language arts at the Technical University of Georgia for ten years and then worked at the Faculty of Russian History at the Tbilisi State University for a year. Later I found myself interested in the field of law and started my employment at a private Law firm. The next ten years of my life I spent in America, working in the field of design, though I had never forgotten my true passion for literature and history. "And God requireth that which is past" was thought out and mostly written during that period of time. In 2009 I returned to my motherland, and continue to live here to this day. During the last years, at different times, I have worked as a teacher at the Academy of World Languages, as an Ambassador’s personal referent and Head of the Chancellery at the Embassy of Turkmenistan in Georgia, and as a freelance tutor and translator for various organizations.Now, at this stage of my life, I think I'm finally ready to release my more than a decade-long literary work into the world for you, my dear reader. I hope you’ll enjoy it.

Related to და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია

Related ebooks

Related categories

Reviews for და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია

Rating: 3.6666666666666665 out of 5 stars
3.5/5

3 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. იყო ერთი უძლეველი იმპერია - Tsira Gelen

    რამდენადაც ვიცნობთ აქემენიდურ ირანთან დაკავშირებულ მხატვრულ ლიტერატურას, მსგავსი მოცულობის, სიღრმისა და სინამდვილესთან ასე მიახლოებული მხატვრული ნაწარმოები ჯერ არ შექმნილა...

    ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს, ცირა გელენავას, დასავლეთის ცნობიერებაში, აქემენიდურ ირანზე ზნეობისა და ისტორიული სიმართლის აღსადგენად, ერთი დიდი რევოლუცია მოეხდინოს."

    ნომადი ბართაია - აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრის გამგე, მწერალი, ირანული ლიტერატურის მთარგმნელი

    გარდა მხატვრული ღირებულებისა, ცირა გელენავა-ვოლობუევას რომანი: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს მეცნიერული თვალსაზრისითაც იმდენად საინტერესოა, რომ მე მას აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აუცილებელი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ნუსხაში შევიტანდი.

    მაია სახოკია - აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდურ-ირანული ენების განყოფილების ხელმძღვანელი, მკვლევარი, მწერალი, აქემენიდური წარწერების მთარგმნელი

    თავი 1

    დაბადება

    ნახევრადჩაბნელებულ დარბაზში სიჩუმეს დაესადგურებინა. სრულ მდუმარებას მხოლოდ შუახნის ახოვანი ჩაფსკვნილი მამაკაცის მოუთმენელი ბოლთისცემა არღვევდა. დროდადრო იგი ერთმანეთზე გადაბმული ხშირი წარბების ქვეშიდან საძინებლისაკენ მიმავალ ხის ხვეულ კიბეებს შეშფოთებით ახედავდა ხოლმე. ღრმა ნაოჭებით დაღარული შუბლი კაცს მკაცრად მოეჭმუხნა, კრიჭა კი ისე მტკიცედ შეეკრა, რომ ჭაღარაშეპარულ წვერებში შემალული თხელი ტუჩები თითქმის აღარ მოუჩანდა. გვერდითა ოთახიდან კარების ჭრიალის ხმა გაისმა. კაცმა მიაყურადა. ეზოდან ვიღაცა კიბეებს სამზადისისკენ ამოუყვებოდა. დრო-ჟამისაგან ჩაშავებული მუხის მძიმე კარს მიღმა რა ხდებოდა, იგი ვერ ხედავდა, მხოლოდ ხმა ესმოდა.

    - ხონგულ, ბიჭს შეშა მოატანინე? - იკითხა ქალმა.

    - დიახ, ახლავე შემოზიდავენ, - მამაკაცის ბანმა ბოხად დაიბუბუნა.

    შემდეგ ნაბიჯების ხმა დარბაზისკენ გამოემართა, რასაც ისევ კარების ყრუ ჭრიალი მოყვა და ოთახში ცხვრის მოკლე უსახელო ჯუბაში შემოსილმა, საშუალო სიმაღლის ხმელ-ხმელმა მეცხვარემ შემოაბიჯა. მას თან კვამლისა და გადამწვარი ნაკელის სუნი შემოყვა. ეტყობა, იგი პირდაპირ ფარადან მოდიოდა.

    - ჯერ არაფერია, საურმაგ?

    - არა, ძმაო ხონგულ, არაფერია.

    ახლადმოსული მახვშის სავარძლის ახლოს ჯორკოზე ჩამოჯდა და თექის ქუდი ხელში მოუსვენრად ააწრიალა. მთის ხანმოკლე ზაფხულის ბოლო დღეები იწურებოდა. წესით და რიგით ხონგული ახლა ფარაში უნდა ყოფილიყო და საზაფხულო იალაღებიდან ცხვრის ბარში დროულად გადაყვანისათვის მიეხედა, მაგრამ იგი მასპინძელს ბიძაშვილად ეკუთვნოდა, ამიტომაც ამ განსაცდელის ჟამს მის გვერდით ყოფნა თავის მოვალეობად მიაჩნდა. გასაჭირი კი დიდი დასდგომოდა სვანეთის მთავარს, საურმაგს. მისი ახალგაზრდა ცოლი უკვე მესამე დღეა მშობიარობის ტკივილით იტანჯებოდა, შვილი კი ვერა და ვერ გაეჩინა. მახვშის საგვარეულო კოშკში ისეთ დაძაბულობას დაესადგურებინა, თითქოს, უხილავი მტერი სვანთა ხეობას მოსდგომია და ახლა ამ ხავსმოდებული ასწლოვანი კედლების ბინადარნი ბრძოლის ველიდან ამბის მომტანის გამოჩენას წუთი წუთზე ელოდებიანო.

    გარეთ კაშკაშა ნათელი დარი იდგა, მაგრამ შიგნით მაინც საკმაოდ ბნელოდა. ეს გასაკვირი არც იყო. სვანები კოშკებს იმისთვის აგებდნენ, რომ ამ ცისკენ ჯმუხად აზიდულ ქვის ოთხკუთხა გოლიათებს საცხოვრებელი ალაგისა და ციხესიმაგრის მოვალეობა ერთდროულად შეესრულებინათ. კოშკის შუაწელში ოჯახის მთავარი დარბაზი იყო განთავსებული, რომელსაც სამზადისისაგან ყრუ კედელი გამოჰყოფდა, ხოლო დანარჩენ სამ კედელში იმდენად ვიწრო სათვალთვალო ჭრილები დაეტანებინათ, რომ მტრისთვის ისრის სატყორცნელად გადმომდგარი მებრძოლი შიგ ცალი მხარით ძლივს შეეტეოდა.

    გარედან ძუნწად შემოჭრილი დღის სინათლე ოღრო-ჩოღრო იატაკზე სწორხაზოვან ზოლებად გაჭიმულიყო და დარბაზის მხოლოდ მცირედ ნაწილს ანათებდა, დანარჩენი ადგილები კი უჟმურ ბურუსს ჩაეყლაპა. ამ მრისხანე კოშკში შემოღწევა მხოლოდ სამზადისის მხრიდან ეზოსკენ ჩამოშვებული ხის კიბეებით შეიძლებოდა, მაგრამ ომიანობის შემთხვევაში მასაც ზევით ამოსწევდნენ ან სულაც დაწვავდნენ, ხოლო მიუწვდომელ სიმაღლეზე შერჩენილ ერთადერთ კარებს შიგნიდან ურდულით გადარაზავდნენ. აი, მაშინ კი სვანი ოჯახის მშვიდობიანი საცხოვრებელი ნამდვილ აუღებელ ციხესიმაგრედ გადაიქცეოდა ხოლმე.

    ქალამანზე მოშვებული ღვედის მოსაჭერად დახრილმა ხონგულმა მის ფეხებთან პირდაფჩენილ ღრმულში უკმაყოფილოდ ჩაიხედა, მაგრამ უკუნით სიბნელეში ვერაფერი გაარჩია. დარბაზის იატაკს დროზე თუ არ მივხედე, აქ ვინმე უეჭველად ფეხს მოიტეხავსო, გაიფიქრა კაცმა. დარბაზისა და სამზადისის ქვეშ განთავსებულ უზარმაზარ სადგომს კარ-ფანჯრები საერთოდ არ ჰქონდა. ადამიანი შიგ მხოლოდ სამზადისის იატაკში დატანებული ჩასასვლელიდან თუ მოხვდებოდა. ამჟამად იქაურობა ცარიელი იყო, მაგრამ დიდთოვლობის დროს მთავრის ჯალაბი ცხენებსა და წვრილფერა საქონელს ამ სადგომში თვეობით აზამთრებდა ხოლმე; ამიტომაც ქვემოდან ცხვრის, თივისა და ნაკელის მშობლიური, თბილი სუნი გვიან ზაფხულშიც კი ბარაქიანად ამოდიოდა.

    ხონგული ნაპრალის შესწავლას შეეშვა და, ამ მდუმარებაში თავი რამეთი მაინც რომ გაერთო, ირგვლივ მიმოიხედა. მის ცოლს, დარსიას, დარბაზში ჭრაქები არ დაენთო. ერთადერთი ჩირაღდანი ხვეული კიბეების თავზე მიემაგრებინათ. კაცმა იცოდა, რომ ზეთისა და სპარსული რადანაკეს მარაგი კოშკში საკმარისად ჰქონდათ, მაგრამ ბაბილონელი ვაჭრებისაგან მამა-სისხლად ნაყიდ ამ საწვავს თადარიგიანი ქალი ზამთრისათვის იზოგავდა.

    - აი, წუწურაქი დიაცი. მახვშის კერია ასეთ საგანგებო დროს მაინც წესიერად ვერ გაანათა? – გაიფიქრა კაცმა და თვალმოჭუტული მზერა ხვეული კიბეებისაკენ გააპარა.

    ზევითკენ საურმაგის მომცრო საძინებელი და მისი ქალიშვილებისათვის გამოყოფილი ერთი ფართე საერთო ოთახი იყო განლაგებული. მთავრის ვაჟები სხვა მცველებთან ერთად აქვე დაბლა, მთავარ დარბაზში იძინებდნენ. მათთვის ქვეშაგებად დაყრილი მოთელილი ჩალა და ზედ გადაგებული ნაბად-თექები ახლაც ყველა კუთხე-კუნჭულებში ეყარა. მუხის ხისაგან შეკრულ მახვშის მძიმე სავარძელს, კედელთან მიდგმულ ერთ გრძელ სავახშმო ტაბლას და დაბალ ჯორკოს, რომელზეც ხონგული თავად იჯდა, დიდ ფუფუნებად თუ არ ჩავთვლიდით, ამის გარდა დარბაზში კიდევ ორი მოზრდილი სკივრი იდგა იარაღის შესანახად და მეტი არც არაფერი მოიპოვებოდა. სვან კაცს სხვა სარჩო-საბადებელი არც ესაჭიროებოდა. ტანსაცმელი ზედ ეცვა, საკვებზე კი სამზადისში მოფუსფუსე ქალები ზრუნავდნენ. ხოლო დიაცთა გულის გასახარებელ ჭინჭებს, სართავ-საქსოვებსა და სამკაულებს რაც შეეხებოდა, ამ ყველაფერს ქალებისათვის გამოყოფილ ზემო ოთახებში ინახავდნენ.

    ხონგული თავისი ფიქრებიდან ბიძაშვილის მძიმე ამოოხვრამ გამოაფხიზლა.

    - ეგ არაფერია, საურმაგ. ჩემი ქალი ამბობს, ბარელებში ასეთი რამ ხშირად ხდებაო. ქალბატონს თავიდან ცოტათი გაუჭირდება და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

    საურმაგმა მონუგეშეს მადლიერებით აღსავსე თვალებით გადახედა. მამაცი ვაჟკაცი იყო სვანთა მთავარი. მთების წინამძღოლის წოდება მას გაუთავებელ ბრძოლებში საკუთარი სისხლითა და ოფლით ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ ახლა მის უტეხ მზერას შიში შეპარვოდა.

    მუქ ხალვათ ფერებში შემოსილ ჯმუხ მთავარს ხევის დანარჩენი მობინადრეებისაგან ბევრი ვერაფრით გამოარჩევდით. საურმაგი მდიდარი რომ არ იყო, ამაზე მისი ჩაცმულობაც მეტყველებდა, თუმცა მასზე ღარიბიაო, ვერც ამას იტყოდა ვინმე. ალაგ-ალაგ დაკემსილ უხეში ჯვალოს პერანგსა და მუხლებთან გაფხეკილ ტყავის შარვალზე მთავარს ზევიდან მისი პირველი ცოლის მიერ ფერადი მატყლის ძაფით მოქსოვილი, ბარძაყამდე ჩამოზიდული უმკლავებო ქურთუკი მოეცვა, რომელიც წელზე ფართე ტყავის ქამრით ჰქონდა გადაჭერილი. თავზე მას არაფერი ეხურა, ჭაღარაშეპარულ თმებს და ხშირ გაბურძგნულ წვერ-ულვაშს კი მოკლედ გაკრეჭილს ატარებდა. თუმცა მის მოკრძალებულ სამოსელში ერთი გამორჩეული რამ მაინც ერია. საურმაგს ფეხებს ღორის ტყავისაგან შეკერილი მაღალყელიანი წაღები უფარავდა. მსგავსი საოცრება მთაში ჯერ არავის ენახა. მთავარმა იგი ბარში ყოფნის დროს პართიელი ვაჭრისაგან შეიძინა და ერთი წყვილი ზუსტად ასეთივე წაღები ხონგულსაც ამოუტანა. ბიძაშვილი უცხო საჩუქრით ისეთი გახარებული დარჩა, რომ მის დაუყოვნებლივ მოსარგებად მიწაზე ჩამოჯდა და ქალამნის ღვედები შეიხსნა.

    - ხონგულ, ძმაო, ვაჭარმა გამაფრთხილა, ჩაცმის წინ აუცილებლად ფეხებზე რაიმე უნდა შემოიხვიოო, - ჩაიდუდუნა სიტყვაძუნწმა საურმაგმა.

    - შემოვიხვიო კი არა და... ესენი ხონჭუას შეჯღანული ქალამნები კი არ გეგონოს, - შემოსძახა ხონგულმა და ძვირფასი წაღები მაშინვე კოჟრიან ფეხებზე წამოიცვა.

    თავისი დაუდევრობა მან იმავე დღეს მწარედ ინანა. საღამოსკენ ორივე კიდურით აკოჭლებულმა ჯიუტმა კაცმა პართიული საჩუქარი როდესაც გაიძრო, აღმოჩნდა რომ მას ტერფები სისხლიანი წყლულებითა და დაბერილი ბუშტებით ჰქონდა დაფარული. მაღალყელიან წაღებს ვინ ჩივის, რამოდენიმე დღის მანძილზე მას თავისი ლანჩგახვრეტილი ქალამნების მოცმაც კი უჭირდა. აბა, იმ ოხერი ბარისაგან კარგს რას უნდა მოელოდეო, დაასკვნა მთიელმა და კუთხეში მიყრილი თავისი პრიალა წაღებისაკენ მეტჯერ აღარასოდეს გაუხედავს.

    როდის ამოვიდნენ პირველად სვანები კავკასიის მრისხანე მთებში, ზუსტად არავინ იცოდა. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლებოდა, რომ თავისუფლებისმოყვარე თემი, კოლხთა მეფის ხელისუფლებისაგან თავის დასაღწევად, მითიური ამირანის სამფლობელოში კარგა დიდი ხნის წინ გახიზნულიტო. მთაში ყველა გვარი ერთმანეთის თანასწორი იყო. ოჯახები თავ-თავიანთ მიუდგომელ კოშკებში სახლობდნენ. გვარს მახვში ედგა სათავეში, მთას კი - მახვშთა შეკრება. ხევებში თუ ქარაფებზე ყველა საქმეს მახვშები განაგებდნენ. ჯარის სარდლად მთავარსაც მახვშები ირჩევდნენ.

    კოლხეთის გონიერმა მეფეებმა მთებში სვანების უშედეგო დევნას მათთან მშვიდობიანი მეზობლობა არჩიეს.

    მართალია, სვანეთი ყველასაგან დამოუკიდებლად ცხოვრობდა, მაგრამ კოლხებისა და ზოგჯერ იბერების ომებში ყოველთვის მოძმეების მხარეზე იბრძოდა. სვანი მუდამ ომობდა, ომობდა მთებში, ომობდა ბარში; ხან ჩრდილოელი ტომების თავხედურ თავდასხმებს იგერიებდა, ხანაც სამხრეთში მესხეთამდე და ზღვისპირა ტრაპიზონამდეც ჩადიოდა; მეზობლების მიწაზე ბრძოლით გადასვლას არც თვითონ თაკილობდა, სარმატებსა და ზიქჰებს ხშირად აწიოკებდა. სვანი საზღვრებს არად დაგიდევდა. სამშობლოსათვის თუ საკუთარი სიტყვის გაუტეხლობისათვის სიცოცხლეს დაუფიქრებლად გასწირავდა. შეიძლება ითქვას, ბრძოლა სვანისათვის მისი ამქვეყანაზე გაჩენის მთავარი არსი იყო.

    ამაყმა მთიელმა სიძულვილიც ერთნაირად იცოდა და სიყვარულიც, მტრობაც და მოყვრობაც. ოჯახს დიდ პატივს სცემდა, თავის ქალს მხურვალედ ჰყვარობდა. ერთხელ დაოჯახებული სვანი მამაკაცი გვერდზე არ გაიხედავდა, სხვის ქალს ხმას არ გასცემდა, არც თავისი ცოლისა თუ ოჯახის წევრი სხვა დიაცის მხარეს უდიერად გამოსროლილ მზერას დატოვებდა სისხლის დაუღვრელად. მამაკაცი ცოლს არც ღალატობდა და არც ეყრებოდა. მეორე ცოლი მხოლოდ დაქვრივების შემთხვევაში შეიძლება მოეყვანა, ესეც იშვიათად თუ ხდებოდა. სვანი მამისა და მეუღლის ერთგულება ადამიანურ გაგებას სცდებოდა.

    სიმტკიცით მამათა მოდგმას არც დედაკაცი ჩამორჩებოდა. მაღალი, მთის ჰავითა და მძიმე შრომით გაკაჟებული სვანი ქალი ამტანობითა და მოთმინებით ბევრ ბარელ მამაკაცს სჯობნიდა. ქალი შვილებს აჩენდა, ოჯახს უვლიდა, რთავდა, ქსოვდა. თუკი ოჯახის მამა ომში ან საშოვარზე დიდი ხნით იყო წასული, მაშინ იგი მწყემსავდა და ნადირობდა კიდეც. ქვრივი თავის დუხჭირ მხრებზე კაცისა და ქალის მოვალეობას წარბშეუხრელად იღებდა. ობოლს სოფელი უვლიდა. როცა კი მამაკაცთა ომიანობის გამო მარტოდ დარჩენილ სოფელს მტერი ნახირის წასარეკად მუხანათურად თავს დაესხმოდა, აბა სვანი ქალის გატაცება ვის მოუვიდოდა აზრად, ქალი გადამთიელს მახვილმომართული წინ აღუდგებოდა ხოლმე და ხშირად კუდით ქვასაც ასროლინებდა.

    მკაცრი ჰავისა და არანაკლებ მკაცრი ცხოვრებისეული პირობების გამო სვან ქალს სილამაზეს ვერ დააბრალებდი, მაგრამ მასზე ძვირფასი მთაში არაფერი იყო. სვანი კაცები ბარელ ლამაზმანებს იშვიათად თუ ითხოვდნენ და ისიც დიდი სიყვარულის გამოისობით. მსგავს ქორწინებას სოფელი არ ამართლებდა. გამოცდილებით იცოდა, ასეთ ოჯახში ქალიც ცოდო იყო და კაციც. მთას ბარელი ქალი იშვიათად თუ გაუძლებდა.

    საურმაგმა ერთი წლის წინ სწორედ ასეთი ‘დანაშაული’ ჩაიდინა. მან ბარელი ქალი შეიყვარა.

    გასულ ზაფხულს კოლხეთის მეფემ სვანეთის მთავარს დიდი ძღვენი მიართვა და ზედ სათხოვარიც მოაყოლა. საქმე კი აი, რაში მდგომარეობდა: თავხედი ზიქჰები ჩრდილოეთის საზღვრებთან მცოვრებ ბარის სვანებს და აფშილებს უკვე მერამდენედ დაუსჯელად აწიოკებდნენ. არც ბერძნებს აკლებდნენ რამეს. ბოლოჯერ ისე გათავხედდნენ, რომ დიოსკურიამდეც კი ჩამოაღწიეს. მეფემ აიადან და ფაზისიდან ჯარები გამოგზავნა, მაგრამ სანამ ისინი ადგილზე ჩავიდნენ, თავდამსხმელების ნიშანწყალიც კი გამქრალი იყო.

    სვანებმა, როგორც ყოველთვის, მონათესავე კოლხების დარბევა პირად შეურაცხყოფად მიიღეს და სასწრაფოდ ჯარი შეკრიბეს. საურმაგმა თავისი მეთვალთვალეები ჩრდილო კოლხეთის თითქმის ყველა სოფელში გაანაწილა, თვითონ კი შეფარულ ხევში დაბანაკდა. ამ ხერხმა სწრაფადვე გამოიღო ნაყოფი.

    წარმატებებით გათამამებული ზიქჰები კოლხეთში მალევე გამოჩნდნენ. სვანმა მთავარმა მათ ქვეყანაში შემოსვლა აცალა, შემდეგ ჩრდილოეთიდან შემოუარა და ბერძნების ქალაქ პიტიოსის ახლოს ვიწრო გასასვლელში მომწყვდეული თავდამსხმელები სულ დედა-ბუდიანად ამოჟუჟა. ბრძოლის დროს სისხლით დამთვრალი სვანები საზღვარს გადავიდნენ და მტრის მომიჯნავე სოფლები დაარბიეს. ამ თავდასხმის დროს უამრავი ნადავლი ჩაიგდეს ხელში, მათ შორის მდიდარი ქარავანიც. ვაჭრები ბერძნულ ქალაქ ნეისოსთან გაანთავისუფლეს.

    - სიცოცხლე სიმდიდრის სანაცვლოდ! -დაცინვით გამოუცხადა მთავარმა უცხოელ ვაჭრებს.

    ქარავანში მყოფი მონები საურმაგმა უსასყიდლოდ გააშვებინა. მონათმფლობელობას თავისუფალი სვანის ბუნება ვერაფრით ეგუებოდა. მტერი ან უნდა მოეკლა, ან არა და, გაეშვა. მესამე გზა არ არსებობდა. მტერს კი იშვიათად ინდობდა სვანი.

    ქარავანში მონათა შორის რამდენიმე ლამაზმანიც ერია. დიდი მოგების იმედით ამ სიშორეზე წამოყვანილი ქალები ვაჭრებს კარგად ჰყავდათ მოვლილი. ისინი მათ სპარსეთში გადაყვანასა და სარფიანად გაყიდვას უპირებდნენ, მაგრამ არ დასცალდათ. საურმაგმა, ერთის გარდა, ყველა ტურფა თავის შორეულ ნათესავს დაუტოვა მისახედად. ასეთი გარეგნობის გოგოები გულღია მასპინძელს დიდი ხნით რომ არ დააწვებოდნენ კისერზე, მთავარმა იცოდა. სილამაზის მოტრფიალე კოლხი ზანები უცხო გარეგნობის საპატარძლოებს მალევე დაიტაცებდნენ.

    ერთი ქალწული კი საურმაგს თვითონვე ჩაუვარდა გულში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ზურმუხტისთვალება ცეცხლიფერთმიანი ახალგაზრდა ქალი მთების მრისხანე სარდალს საკუთარი სურვილით მიეკედლა. შეშინებული ტყვე ყველას უფრთხოდა და გაურბოდდა, გარდა სვანთა მთავრისა, თითქოს მხოლოდ მისგან მოელოდა დაცვასა და მფარველობას.

    უცხო დიაცის ასეთმა საქციელმა საურმაგს გული მოულბო. მთავარი უკვე სამი წელია დაქვრივებული იყო. ორი ქალისა და შვიდი ვაჟის მამას ოჯახი მძიმედ არ აწვებოდა. ბალღები სოკოებივით თავისით იზრდებოდნენ. სახლს ხონგულის ცოლი, დარსია უვლიდა. ყველაფერი ძველებურად მიედინებოდა. საურმაგი გაუთავებლად იბრძოდა, სახლი კი მუდამ მამის მოლოდინში იყო.

    ამ დღემდე მთავარს ხელმეორედ დაოჯახებაზე არც კი უფიქრია. ახლა ყველაფერი შეიცვალა. საურმაგს ქალის სითბო და სიყვარული მონატრებოდა. მწვანეთვალება უცხოტომელი დიაცის მორცხვმა გამოხედვამ ჟერ კიდევ ახალგაზდა მამაკაცს თითქმის მივიწყებული გრძნობები გაუღვიძა. საურმაგმა გადაწყვეტილება მიიღო. სვანეთის მთავარი ბარელ ქალს ცოლად ირთავდა.

    იმავე ზაფხულში ქორწილი გადაიხადეს. სტუმრები მთიდანაც და ბარიდანაც უხვადა ჰყავდათ. კოლხეთის მეფემ აიას სახელით პატივის მისაგებლად სვანეთში თავისი უფროსი შვილი, უფლისწული ამირანი გამოაგზავნა...

    საურმაგმა ოთახში ბოლთის ცემა შეწყვიტა, თავისი მამის, აწ გარდაცვლილი მახვშის სავარძელში ჩაჯდა, თვალები დახუჭა და მოგონებებს მიეცა. ხონგული მისკენ მალულ მზერას აპარებდა, ცდილობდა გამოეცნო, თუ რასზე ფიქრობდა სვანების წინამძღოლი. თვალებმილულულ საურმაგს ხან ჩუმად ჩაეღიმებოდა ხოლმე, ხანაც შუბლს მკაცრად შეიჭმუხნიდა.

    ამ ერთი წლის მანძილზე მთავარს მოსაგონარი ბევრი დაუგროვდა. გაახსენდა, ქორწილის ღამეს საძინებელს ფეხაკრებით როგორ მიუახლოვდა. ქალებს საპატარძლო გამოეწყოთ და საწოლ ოთახში მასზე ადრე შეებრძანებინათ. ნეფე კარგად შექეიფიანებული კი გახლდათ, მაგრამ საცოლესთან შესვლის წინ გულისცემას მაინც ვერ იოკებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხის მძიმე კარებს ხელი უბიძგა და ოთახში შევიდა...

    იმ დღის მოგონებები მთავარს ქარითა და მთის რუჯით დახევებულ ღაწვებს მუდამ კდემითა და სიამით აულეწავდა ხოლმე. მეორე დილით დაღლილი, მაგრამ დიდად ბედნიერი ნეფე საძინებლიდან გამობრძანდა და კიბეებზე ყმაწვილივით მარდად ჩამოირბინა. სტუმრები ჯერაც არ აშლილიყვნენ და ეზოში ქეიფს განაგრძობდნენ. გაშლილი მაგიდებიდან ცოტა მოშორებით სამფეხზე შემდგარ ქვაბებში ქალები შიგნეულსა და ცხვრის ხორცს ხარშავდნენ. მათგან ათიოდე ნაბიჯში სარზე წამოცმული ჯიხვი ცეცხლზე მთელ-მთელი იბრაწებოდა. გავარვარებულ კეცებთან ბარიდან ამოყვანილი მეპურეები ფუსფუსებდნენ, უკვე გამზადებულ საკვებს კი ყმაწვილები და წამოჩიტული გოგონები უზარმაზარი ბადიებით სუფრაზე ჩამოსარიგებლად მიარბენინებდნენ. მექორწილეებს მერიქიფეობას თავად საურმაგის უფროსი ვაჟები უწევდნენ. ჰაერში დილაადრიანად ღვინისა და არდასრულებული ქეიფის იშტი ტრიალებდა.

    თეთრ-წითელ სასოსელში გამოწყობილი და ჯვარედინად ნაქარგი თექის მრგვალი ქუდით თავდამშვენებული მთავრის დანახვაზე თამადამ დასჭექა:

    - ჰეი, ნეფეს გაუმარჯოს, ნეფეს!

    ყველანი ფეხზე წამოეფინნენ, საურმაგს გაბედნიერებას კიდევ ერთხელ ულოცავდნენ, გულში იკრავდნენ, მხარზე ჰკოცნიდნენ, ლოცავდნენ...

    - საურმაგ ბატონო, ეს რას მოვესწარით? სვანეთში ვქეიფობთ, ამდენი შეზარხოცებული ვაჟკაცია აქ შეყრილი და, ჰოი, საოცრებავ, მახვილი არავის უშიშვლებია, სისხლი არავის დაუღვრია! - ბარელი სვანების თავკაცი მხიარულად გაიკრიჭა.

    ამის გაგონებაზე უკვე გვარიანად გამომთვრალი ზანთა თავადი ჭინკასავით ფეხზე წამოხტა:

    - ჰაიტ, დედასა! ვინა სთქვა, სისხლი არ დაღვრილაო?! დიახაც დაიღვარა. ნამდვილად ვიცი მე ეს!

    ვერცხლის ხმალ-იარაღზე ხელებშემოდებულმა და ყურებაწითლებულმა მთავარმა უხერხულობისაგან თვალები სად წაეღო აღარ იცოდა. მაგიდა კი სიცილ-ხარხარისაგან ზანზარებდა.

    იმ დღეს საურმაგს კოშკის ზემო ნაწილისაკენ ერთხელაც აღარ გაუხედავს. საღამოსათვის სტუმრები სუფრიდან აიშალნენ და მასპინძელსაც, როგორც იქნა, სანატრელ კარებთან მიპარვა ეღირსა. საყვარელ მეუღლესთან შეხვედრის მოლოდინში პირზე ღიმილმოფენილ მთავარს ის იყო ოთახში უნდა შეებიჯებინა, რომ კარები უცებ თვითონ გაიღო და მის წინ დარსია მთასავით აისვეტა. საურმაგი მოულოდნელობისაგან გაშრა. ქალმა დაბნეულ მამაკაცს მკერდში ხელი ჰკრა და უკან დაახევინა.

    - სად მიბრძანდები, რომ მიბრძნდები, ერთი ვიცოდე?! - ხონგულის ცოლს თვალები ბოროტად უელავდნენ. - შენ რა, თავი მგელი ხომ არ გგონია, და ის საწყალი გოგო კი საცოდავი კრავი? აბა, მოუსვი აქედან და სანამ არ დაგიძახებენ, აქეთკენ არც კი გამოიხედო!

    გაოგნებული კაცი დარბაზში ჩამოვიდა და შუა ოთახში გაშტერებული გაჩერდა. კედელს ერთგული ხონგულის ჩრდილი გამოეყო. იგი ბიძაშვილს მიუახლოვდა, ხელში ხელი მოჰკიდა და პატარა ბალღივით თან წაიყოლია.

    საურმაგს კოშკში მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მოუხმეს...

    სვანი მთავარი ფიქრებიდან ქალის ხმამ გამოაფხიზლა.

    - დარსია, წყალი ამოიტანე, წყალი! -ხვეული კიბის თავზე ბებია-ქალის ჩაფართხუნებულ ძაძებში შემოსილმა ჩია ლანდმა გაიელვა და უცებვე გაუჩინარდა.

    ორივე მამაკაცი მაშინვე ფეხზე წამოვარდა. სამზადისიდან თავწაკრული დარსია გამოქოთქოთდა.

    - ხონგულ, კაცო, წყალი ამატანინე, მალე, მალე!

    შეშფოთებული სვანი სწრაფი ნაბიჯებით ცოლს უკან მიჰყვა. მალე ორივენი გამობრუნდნენ. ხონგულს აქაფებული ვეება ქვაბი მოჰქონდა, დარსია კი უფრო მომცრო ზომის ცივი წყლით სავე ქვაბს მოარბებინებდა.

    - შეგეშველები, კაცო! - ხელები გამოიწვდინა მთავარმა.

    - არა, არა! - მოაძახა ბიძაშვილმა და კიბებებზე მარდად აირბინა.

    საურმაგი დარბაზში ბოლთის ცემას განაგრძობდა. მალე ხონგულიც უკან მობრუნდა.

    - რა ამბავია, ძმაო? - შეშფოთებით იკითხა მთავარმა.

    - აბა, რა ვიცი, შიგნით სულაც არ ვყოფილვარ, -ალალად უპასუხა ხონგულმა, მაგრამ მეგობარს როცა შეხედა, მაშინვე დაუმატა:

    - წყალი რაკი ითხოვეს, უკვე მალე იქნება, საურმაგ! ყოველთვის ასეა ხოლმე. ბებია-ქალიც იქ არის, დარსიაც, გოგოებიც ეხმარებიან. ნუ გეშინია, კაცო, ბალღი ვის არ გაუჩენია!

    სვანეთის მთავრის შემშინებელი ხორციელი დედამიწის ზურგზე არ დაიარებოდა. საურმაგს სიკვდილისათვის თვალებში მრავალჯერ ჩაეხედა, მაგრამ წარბი ერთხელაც არ შესტოკებია. პირველი ცოლის დაკარგვამ მისი გული ლახვარივით გასერა. შორეული ლაშქრობიდან დაბრუნებულ ვაჟკაცს მეუღლის გარდაცვალების ამბავი თავზე მეხივით დაატყდა. გაოგნება, გაბრაზება, უმწეობა, ტკივილი მის გულში ერთმანეთს მიყოლებით ენაცვლებოდნენ, მაგრამ ამ გრძნობებს შორის შიში არ ერია.

    დღეს სულ სხვა რამეს განიცდიდა საურმაგი. ეს ახალი შეგრძნება უტეხი სვანის სხეულში საიდანღაც ჩუმად შემოპარულიყო და შიგნიდან ღრღნიდა. ხონგული მართალი იყო. საურმაგს თვალებში შიში ჩასდგომოდა...

    მალე ქალთა ფუსფუსი მთელ კოშკს მოედო. კიბეებზე ზევით-ქვევით მორბენალი გოგონების წითელ-მწვანე მაღალყელიანი წინდები ბიძაშვილებს წარა-მარა თვალწინ გაუელვებდნენ ხოლმე. შემდეგ თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, გაყუჩდა. მყუდროებას დროდადრო მხოლოდ ქალის წამოკივლება არღვევდა. შემდეგ ესეც შეწყდა. დარბაზში გამეფებული სიჩუმე საურმაგის მხრებს აუტანელ სიმძიმედ დააწვა. უცებ ჰაერი ბავშვის ტირილმა გაჰკვეთა და ირგვლივ ყველაფერი ისევ გამოცოცხლდა.

    ვაჟკაცებს გულზე მოეშვათ. მთავარმა კიბისკენ გაიწია, მაგრამ ბიძაშვილი მკლავზე წაეტანა.

    - არ გინდა, საურმაგ, თვითონ დაგიძახებენ.

    დრო გადიოდა. ახალშობილის მამა სავარძლის კიდეზე მოუსვენრად ჩამოჯდა. ამდენ ხანს რატომ არ უხმობდნენ, მას ვერაფრით აეხსნა.

    - რა იყო, ხომ არ დავავიწყდით? - საურმაგმა მეგობარს დაბნეულად გახედა.

    - როგორ იქნება, ბატონო? დიაცების ამბავი არ იცი? მამასთან შესახვედრად დედას და ბალღს ალამაზებენ, ალბათ.

    როგორც იქნა, კიბის თავზე დარსია გამოჩნდა. მან საურმაგს თავით ანიშნა, ამოდიო, და ისევ გაუჩინარდა. კაცმა კიბეები სამი ნახტომით აირბინა და საძილე ოთახის კარებს მიუახლოვდა. დარსია იქვე ელოდებოდა. თავდახრილმა ქალმა კარები უხმოდ გამოაღო და მთავარს შიგნით შეუძღვა.

    ნაცრისფერ ოთახში მდუმარება სუფევდა. აქ მთის გამჭვირვალე ჰაერიც კი რატომღაც მოჟამულ სუდარაში გახვეულიყო. საძინებელში ერთადერთ მხიარულ ლაქად მხოლოდ სარეცელზე უწესრიგოდ გაბნეული ბრდღვიალა ცეცხლისფერი კულულები ანათებდა, ხოლო ირგვლივ გამეფებულ შემაშფოთებელ სიმყუდროვეს ჩვილის ჩუმი ფრუტუნი არღვევდა.

    სისხლის ნაცნობი გულისამრევი სუნი საურმაგს ოთახში შემოსვლისთანავე ნესტოებში მძაფრად ეძგერა. მამას ბავშვისკენ არც კი გაუხედავს. მან საძინებლის შუაში გამართულ მატყლის სართავ ჯარას გვერდი აუარა და პირდაპირ ახლად მოლოგინებულისაკენ გაემართა, საწოლთან მუხლებზე დაეშვა და მეუღლის გაცრეცილ თითებს ფრთხილად შეეხო. ქალი არ განძრეულა. წითელ თმებში ჩაფლულ გაფითრებულ სახეს ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი შეჰფენოდა, თითქოს უხაროდა, რომ მას ამ ქვეყანასთან აღარაფერი აკავშირებდა.

    - მოგიკვდეს ჩემი თავი, ბატონო. რა არ ვიღონეთ, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. სისხლისაგან დაიცალა საწყალი, - ბებია-ქალმა აკანკალებული ხმით წამოუტირა და უკბილო ჩიფჩიფა პირი თავსაფრის ბოლოთი მოიწმინდა.

    დარსიამ დედაბერს ერთი მკაცრად შეუბღვირა. იმანაც მაშინვე ხმა გაიკმინდა. შემდეგ ხონგულის ცოლმა კედელთან ატუზულ მთავრის უფროს ქალიშვილს რაღაც ანიშნა. გოგონა გულში ჩაკრულ პატარა ჩვილთან ერთად მამას მიუახლოვდა და ახალშობილი ფრთხილად გაუწოდა. მთავარი არ განძრეულა.

    - გლოვის დრო კიდევ გვექნება, საურმაგ, ახლა ბალღს უნდა მიხედვა, - დარსიამ მთავარს ჩუმად დაუყვავა.

    - შენ უკეთ იცი, რა გააკეთო, - უბედურმა მამამ გვერდზე გაიხედა.

    მთავრის ქალიშვილმა მორჩილად უკან დაიხია, მაგრამ დარსიას მკაცრმა გამოხედვამ იგი ადგილზევე გააქვავა. სვანი ქალი ლოგინთან დაჩოქილ მამაკაცს მიუახლოვდა, მხარზე ხელი ფრთხილად ჩამოადო და მისთვის უჩვეულო რბილი ხმით ალაპარაკდა:

    - ძიძა სად ვუშოვოთ და როგორ მოვუაროთ, ეგ, რა თქმა უნდა, ჩემზეა, საურმაგ. მე მაგაზე არ გელაპარაკები. შენ ცოლი დაკარგე, ბედკრულო, ამან კი დედა. სულ ნუ დააობლებ პაწია გოგოს, მშობელი მამის სიყვარულს მაინც ნუ მოუშლი, მოკიდე ხელი!

    ქალიშვილმა კაცს ახალშობილი ხელმეორედ გამოუწოდა. მამამ ბავშვს ცარიელი თვალებით დახედა. უფროსი დის მკლავებში უკმაყოფილოდ ახვანცალებული წითელბუწუწებიანი გოგონა ბრმად დაჭყეტილ, გვერდზე აწელილ თვალუკებს ზურმუხტისფრად აბრიალებდა.

    - თავისი უბედური დედის სადარი გაჩენილა, - მსგავსებით გაოგნებულმა საურმაგმა უნებლიედ მკლავები გამოიწვდინა და ნაბოლარა შვილი ფრთხილად გულზე მიიხუტა.

    ეტყობა ბავშვს მშობლის სიახლოვე ეამა. ჩვილი ტკბილად გაიზმორა და საკუთარი თითების წუწვნას შეუდგა. საურმაგს გარუჯულ ღაწვებზე ცრემლები ჩამოუგორდა. დარსიას ნიშანზე ოთახიდან ყველანი ფეხაკრეფით გაიძურწნენ. მარტოდ დარჩენილი მთის მრისხანე მთავარი იატაკზე დაეშვა, ჩვილი მუხლებზე დაიწვინა და უხმოდ მწარედ ატირდა...

    თავი 2

    წინასწარმეტყველება

    ქშაიარშა მეფის სავარძლის უკან იდგა და მოუთმენლად ცქმუტავდა. უფროსები, როგორც ყოველთვის, რაღაც მნიშვნელოვან საქვეყნო საქმეზე თათბირობდნენ, ყმაწვილს კი მათი მსჯელობის მოსმენა დღეს რატომღაც განსაკუთრებულად არ უნდოდა. მას რაღაც უცნაური გულისთქმა გარეთ, გაშლილი ველებისაკენ დაუძლეველი ძალით მიერეკებოდა. უფლისწული თავის ამ უჩვეულო განწყობას თავსმოხვეული ქორწინების მოახლოებით ხსნიდა.

    - რა ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული ბახა. ჩემზე უარესად იგი არაფრით ცხოვრობს, თანაც ამის სანაცვლოდ, შინაბერა ქალის ცოლად მოყვანას მას არავინ ავალდებულებს, - უფლისწულმა გარეთ თავისუფლად მონავარდე მეგობარს შავი შურით შენატრა.

    ქშაიარშამ მამის ჩვევები კარგად იცოდა. დიდი დარიავახუში ერთხელ დადგენილ წესს არაფრით დაარღვევდა. შუაღამე როგორც კი დადგებოდა, ათი ათას უკვდავთა მთელი ბანაკი აჰურა-მაზდას სადიდებელი ლოცვის აღსავლენად მუხლებზე უნდა დამხობილიყო და მხოლოდ ამის შემდეგ ეღირსებოდა სანატრელ დასვენებას. დაღლილი მებრძოლები თავ-თავიანთი კოცონების გარშემო მყუდროდ მიეფინებოდნენ და ფხიზელ ძილს მიეცემოდნენ.

    მწუხრის ჟამი უკვე მოახლოვებულიყო, ახირებულ ბერიკაცებს კი თათბირი წესიარად ჯერ არც კი დაეწყოთ. საველე უბრალოებით გაწყობილ მეფის კარავში დაძაბულ სიჩუმეს დაესადგურებინა. იქაურობას საყრდენ ბოძზე მიმაგრებული ჩირაღდანი და მაგიდის თავზე ჯაჭვით ჩამოშვებული სპილენძის ჭრაქი ანათებდა. კარვის ერთი ბოლო ბროწეულებით მოქარგული ფარდაგით იყო გამოყოფილი, რომლის უკანაც მეფის გასაშლელი ლოგინი იდგა. ხელმწიფის პართიული მშვილდი და ეგვიპტური ორლესური საწოლის ფეხებთან მიდგმულ სკივრზე ეწყო, ხოლო მისი ანშანური შუბი, ტარის ბოლოში მიმაგრებული ოქროს ლომი რომ არ დაზიანებოდა, რკინის წვერით მიწაში ჩაესოთ. ფარდაგის აქეთ დარჩენილი სივრცე თითქმის მთლიანად იონიის რუქით დაფარულ მაგიდას დაეკავებინა, რომლსაც ირგვლივ რვა ადამიანი უსხდა.

    ქშაიარშა თითოეულ მათგანს ბავშვობიდან იცნობდა. მათ შორის ყველაზე მხცოვანი, სამოცდაათ წელს მიტანებული ელამის სატრაპი, ღირსეული გაუფარუვა, უფლისწულის უახლოესი მეგობრის, მარდუნაიას მამა ბრძანდებოდა. მას მუდამ დარიავახუშის ხელმარჯვნივ ეკავა ხოლმე ადგილი. ბერიკაცი თავისი სიმკაცრით იყო ცნობილი და ამ წუთშიაც მის მოპირდაპირედ მჯდომ სამ ახალგაზრდა კარისკაცს ისე უბღვერდა, თითქოს მათგან მოსასმენ ანგარიშს წინასწარ ეჭვის ქვეშ აყენებსო. ეს შუბლშეკრული ხმელ-ხმელი დიდებული, მიუხედავად თავისი საპატიო ასაკისა, მეფის შუბის მატარებლად, არშტიბარად მსახურობდა და მას თავისი გავლენითა და სიძლიერით მხოლოდ ხელმწიფის ხელმარცხნივ მჯდომი წითურა უტანა თუ შეედრებოდა. ეს სწორედ ის უტანა გახლდათ, ვისი უმცროსი ქალიშვილიც ქშაიარშას სულ მალე ცოლად უნდა შეერთო.

    - ჩემი საცოლე თავის მამას თუ ჰგავს, დავიღუპე და ეს არის, - ყმაწვილმა უსახურ წითურა სასიმამროს დამფრთხალი მზერა მოაშორა და მის გვერდზე მჯდომი დიდებულის ჩუმ-ჩუმად თვალიერებას შეუდგა.

    უტანას გვერდზე მიდიის სახელგანთქმული სატრაპი, ბრდღვიალა ფარჩის ხალათში გამოწყობილი ვიდარნა მოთავსებულიყო. იგი მეფის მეგობრებს შორის ყველაზე სასიამოვნო გარეგნობის კაცი გახლდათ და, ქშაიარშასათვის ვინმეს რჩევა რომ ეკითხა, თუკი ქალის უნახავად მისი ცოლად მოყვანა უფლისწულისთვის აუცდენელი ბედისწერა იყო, მაშინ იგი უტანას მახინჯ შინაბერაზე დაქორწინებას, ვიდარნას ქალიშვილის თხოვნას არჩევდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ბერიკაცებს ამ საკითხზე ქშაიარშას აზრი, ეტყობა, საერთოდ არ აინტერესებდათ.

    უფლისწულმა მიდიელი სატრაპის უზადოდ გამოქანდაკებული პროფილი სინანულით ერთხელ კიდევ შეათვალიერა. ვიდარნა მხოლოდ სამოცი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად თავისი შედარებით ‘მოკრძალებული’ ასაკისა, დარიავახუშის ყველა ბრძოლებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და სპარსეთში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მთავარსარდლად ითვლებოდა. თუმცა კარავში იმყოფებოდა კიდევ ერთი ასაკოვანი დიდებული, აბარ-ნაჰარას მრისხანე სატრაპი, ბახაბაქშა, რომლის მკაცრ შეფასებასაც ახალგაზრდა კარისკაცები ყველაზე მეტად უფრთხოდნენ. მას თავისი საპატიო ადგილი ელამის სატრაპის გვერდზე დაეკავებინა. ქშაიარშამ თავი იქეთკენ შემოაბრუნა. ეს იარებით დაფარული, საშუალო სიმაღლის ჯმუხი ბერიკაცი ბახას ალალი ბაბუა იყო, მაგრამ ყმაწვილებს მასთან გასაუბრება ჯერ ცხოვრებაში ერთხელაც არ ღირსებიათ. სამაგიეროდ ბახას მამა, ლოყებღაჟღაჟა ზოფირუში, რომელიც ელამის სატრაპის მოპირდაპირედ იჯდა, უფლისწულის აღმზრდელი გახლდათ და ყმაწვილების წვრთნასა და ღირსეულ მებრძოლებად გამობრძმედაში უამრავი დრო ჰქონდა დახარჯული.

    მამის უახლოეს მეგობრებში ზოფირუში ერთადერთი იყო, ვინც ქშაიარშას წრფელი გულით უყვარდა. იგი სხვებზე გაცილებით უფრო ახალგაზრდა გახლდათ, ასე ორმოცდახუთი-ორმოცდაშვიდი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ დარიავახუშის ზეობის დასაწყისში ბაბილონის აჯანყების ჩახშობაში ლომის წვლილის შეტანა მაინც მოესწრო. ამიტომ მას ხელმწიფეც გამორჩეულად აფასებდა. ზოფირუში სპარსეთის კარზე ერთადერთი ჩასუქებული დიდებული ბრძანდებოდა და, როგორც ჩანს, გაფუება ჯერ კიდევ არ მოეთავებინა. ქშაიარშამ მის ღიპზე შემოტმასნილი ძოწისფერი ტუნიკა ფარული ღიმილით შეათვალიერა. ზემოდან მჭიდროდ შემოხვეული ოქროსფერი ფარჩის სარტყელი რომ არა, დიდებულს გულმკერდნაქარგი მოსაცმელი აუცილებლად სახალხოდ გადაეღეღებოდა. ზოფირუში ყველაზე მადიანი კაცის წოდებას უგაქნილესი კარისკაცის სახელსაც შესანიშნავად უთავსებდა, ამიტომაც ყმაწვილები მას ზურგს უკან ‘ბებერ მელას’ უძახდნენ. ეს საშუალო სიმაღლის, ჩასუქებული, ლოყაწითელა შუახნის მამაკაცი ერთი შეხედვით კეთილი, უწყინარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სპარსეთის კარზე ყველამ იცოდა: დარაიავახუშის მეგობარი და პირადი მრჩეველი, საოცარი გამჭრიახობითა და მოხერხებულობით გამორჩეული დიდებული, იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საშიში პიროვნება გახლდათ.

    ბახას ფუშფუშა მამის გვერდზე ქშაიარშას ახალგაზრდა ბიძა, დარიავახუშის უმცროსი ძმა, ირდაბანუში იჯდა. ეს სწორნაკვთებიანი, ხელმწიფესავით ჭროღათვალება, ხმელ-ხმელი მამაკაცი მხოლოდ ორმოცი წლის იყო, მაგრამ თავისი დინჯი და გაწონასწორებული ხასიათის წყალობით მეფის კარზე ბრძენი მრჩევლის სახელი სრულიად სამართლიანად მოეხვეჭა.

    ამ თათბირის ბოლო მონაწილე, უფლისწული ირდაბრდნა, დარიავახუშის უფროსი ვაჟიშვილი გახლდათ. ელამის სატრაპი გაუფარუვა კი მას დედის მხრიდან ბაბუად ერგებოდა. ბევრ სხვა უფლისწულთან შედარებით ამდენი უპირატესობის მიუხედავად, ეს თაფლისფერთვალება, მეჩხერწვერა, შუბლმაღალი ნახევარძმა ქშაიარშაში ფარული ქიშპობის ნაცვლად რატომღაც მუდამ მხოლოდ სიბრალურის გრძნობას იწვევდა. ახლაც ოცდახუთიოდე წლის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა, იმის ნაცვლად რომ ბერიკაცებისათვის საკუთარი ყოჩაღობა და ფასეულობა დაემტკიცებინა, თავჩაღუნული იჯდა და ყველანაირად ცდილობდა, უხილავად გადაქცეულიყო.

    ქშაიარშასათვის ვინმეს რომ ეკითხა, ამ რვა ადამიანს გარეგნობაში საერთო რაიმე თუ აქვსო, უეჭველად უპასუხებდა, წვერებიო. ხშირი, გრძელ კულულებად დავარცხნილი, მკერდამდე ჩამოზრდილი წვერი ყველა სპარსი მამაკაცის სიამაყის საგანი იყო და თავად ქშაიარშაც საკუთარი ახლად ამობიბინებული რბილი წვერ-ულვაშის ვაჟკაცურად ჩამოზრდას გულში მოუთმენლად ნატრობდა.

    ხელმწიფის ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ ჩამომჯდარი ოთხივე დიდებული კარავში მხოლოდ სასმენად იყვნენ მოწვეულები. ამბის დაწვრილებით მოყოლა მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მჯდომ სამ ახალგაზრდა კარისკაცს ევალებოდა. ბეწვით გაწყობილ გრძელ მიდიურ ხალათში გახვეული დიდი დარიავახუში საველე სავარძელში გადაწოლილიყო და დასმულ კითხვაზე პასუხს მოთმინებით ელოდებოდა. მეფეს ჭაღარა თავზე გვირგვინი არ ედგა. მეგობართა წრეში ამ უძვირფასესი სამკაულით იგი შუბლს არასოდეს იმძიმებდა. სამეფო ნიშნებიდან მას ხელში მხოლოდ ოქროს კვერთხი ეპყრა და მასაც რუქაზე საჩვენებელ ჯოხად იყენებდა. მბრძანებელი პატარა ჭროღა თვალებით ხან უმცროს ძმას მიაჩერდებოდა, ხან საკუთარ პირველშობილ ვაჟიშვილს გადახედავდა, ხანაც მზერა თავის ერთგულ მეგობარზე გადაჰქონდა. ზოფირუშს, მეფის თვალებსა და ყურებს ბაბილონიაში, პასუხი უკვე ენის წვერზე ჰქონდა მომდგარი, მაგრამ ხელმწიფის პატივმოყვარე ახალგაზრდა ძმაზე ადრე სიტყვის წარმოთქმა მისი მხრიდან უხეში შეცდომა იქნებოდა. ამიტომაც ჩასუქებულმა დიდებულმა ხორცსავსე სახე კაბის სახელურით მოიწმინდა და თვითონაც ახალგაზდა სარდალს მიაშტერდა. ირდაბანუში საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა.

    კითხვა, რომელზეც პასუხს ყველანი ასე მოუთმენლად მოელოდნენ, დასავლეთ სატრაპიებს და ბერძნულ დასახლებებს შეეხებოდა. ორი წლით ადრე ქალაქ სარდისში მეფის უფროს ძმას, ლიდიის სატრაპ ირდაფირნას, ათენელ მოქალაქეთა გზავნილები ესტუმრნენ და მტრულად განწყობილი ბერძენი მეზობლებისაგან დაცვის საფასურად იმპერიას მიწა და წყალი თავად შემოსთავაზეს. ის, რომ ატიკა ამით თავის თავზე დიდი მეფეთ-მეფის მიმართ ვასალურ მორჩილებას კისრულობდა, დესპანებს, შესაძლოა, ბოლომდე არც კი ესმოდათ. მაშინ სპარსეთმა ეს სახარბიელო წინადადება, რა თქმა უნდა, სიხარულით მიიღო.

    მას შემდეგ ორმა ზაფხულმა ჩაიარა და იმპერიის დასავლეთ საზღვრებთან მდგომარეობა ძირფესვიანად შეიცვალა. ბერძნული კოლონიებიდან და ჯერ კიდევ თავისუფალ ელინთა ევროპული დასახლებებიდან ჯაშუშებს დედაქალაქებში ამჯერად უკვე საგანგაშო ამბები ჩამოჰქონდათ.

    მეფემ საიდუმლო თათბირი უკვდავთა საზაფხულო ბანაკში შემთხვევით როდი გამართა. დარიავახუში ბოლომდე არავის ენდობოდა, სასახლეებში კი კედლებსაც ყურები ებათ. დიდებულ მეფეს დასავლეთის სანაპიროსაკენ ზედმეტი ყურადღების მიპყრობა ჯერ-ჯერობით არ აწყობდა, ან არა და, შფოთიანი საზღვრების უყურადღებოდ დატოვებაც არ შეეძლო. ეგეოსის ზღვაზე უსიამოვნებები რომ მწიფდებოდა, ბრძენი ხელმწიფე ამას გუმანით გრძნბოდა.

    იმაში, რომ თექვსმეტი წლის ქშაიარშა საიდუმლო თათბირს ყურს უგდებდა, უჩვეულო არაფერი იყო. თორმეტი წლის ასაკიდან იგი მამას აჩრდილივით ყველგან თან დაჰყვებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც თხუთმეტი წლისა შესრულდა და დავაჟკაცების ნიშნად წელზე ოქროს სარტყელი საზეიმოდ შემოაკრეს, მუდამ მეფის ტახტის უკან დგომა მის საპატიო მოვალეობად გადაიქცა.

    ქშაიარშას ბევრ საჭირბოროტო საკითხზე უკვე საკუთარი აზრიც გააჩნდა, მაგრამ საუბრებში მაინც არასოდეს ერეოდა. მეფისწულებს ხმის ამოღების უფლება მხოლოდ მამის ბრძანების შემდეგ ეძლეოდათ. ხოლო, როდის ინებებდა დიდი დარიავახუში უმცროსი შვილის სახელმწიფო საქმეებში ჩართვას, ამას თავად მეფის გარდა, არავინ უწყოდა.

    ხელმწიფე როდესაც დარწმუნდა, რომ ფრთხილი ძმისაგან პირდაპირ პასუხს კარგა დიდხანს ვერ ეღირსებოდა, მან კითხვა შეაბრუნა:

    - მაინც ვინ არიან ეს ათენელები და რა ხდება თუნდაც ჩვენ მიწა-წყალზე დასახლებულ იაუნებს შორის?

    წინათ ირდაბანუში ლიდიის სატრაპიაში მეფის თვალებად საკმაოდ დიდხანს მსახურობდა, ამიტომაც თავისი უფროსი ძმის, ირდაფირნას გარემოცვაში კარგად იყო გარკვეული. რაც დედაქალაქებში გადმოვიდა, ხელმწიფის ოჯახის დაცვასთან ერთად, უცხოელ სტუმართა თვალთვალიც მას დაეკისრა.

    პასუხის მეტი ხნით შეყოვნება შეუძლებელი იყო.

    - დიდებულო სუნკი, – ირდაბანუში ფეხზე წამოდგა, - შენ თავადაც უწყი, რომ აზიის მთელი დასავლეთი, მოწყალე აჰურა-მაზდას ნებით, კარგა ხანია ჩვენ გვეკუთვნის. ზღვის იქითაც, შენი წყალობით, ფეხი საფუძვლიანად გვაქვს მოკიდებული. კუნძულთა დიდი ნაწილი ან ხარკს გვიხდის, ან უკვე შემოგვიერთდა. თუმცა ზოგიერთები ჯერ კიდევ ურჩობენ! მაგალითად: ნექსოსი, დილოსი. - მეფის ძმა მაგიდაზე გაშლილი რუქისაკენ გადაიხარა და დასახელებული ადგილები ბეჭდით დამშვენებული საჩვენებელი თითით მოხაზა, - მაგრამ ესეც მხოლოდ დროის საქმეა.

    ქშაიარშა მამის მხარს ზემოდან რუქას ცნობისმოყვარედ ჩააცქერდა. თავისი უჩვეულო სიმაღლის წყალობით მას ამის გაკეთება სულაც არ უჭირდა. დანარჩენებიც, უფლისწულ ირდაბრდნას გარდა, ხარის ტყავზე ფერადი საღებავებით მოხაზული რუქის თვალიერებას შეუდგნენ.

    - ამ ნახატებს კაცი რამდენად შეიძლება ენდოს? - ეჭვით იკითხა ბახაბაქშამ.

    - ეს რუქა მილეთელი ჰეკატაეოსის მოხატულია. მასზე უკეთ ამ საქმეში არავინ ერკვევა, - მამას პასუხი ზოფირუშმა გასცა.

    - არ ვიცი, არ ვიცი... - ბერიკაცმა თავი მაინც ურწმუნოდ გადაიქნია.

    - ის, რომ კუნძულელები ზღვის გადაღმა იყურებიან, სიახლე არ არის. ეს ამბავი ჩვენ კარგა ხანია ვიცით, - კუშტად ჩაილაპარაკა გაუფარუვამ.

    ირდაბანუშმა ელამის სატრაპს წარბებქვეშიდან უკმაყოფილოდ გახედა, მაგრამ თქმით ვერაფერი შეჰბედა. სპარსეთის სახელოვანი შვიდეულის წევრს საკუთარი სიტყვის ჩართვა თავად მეფის საუბრის დროსაც კი შეეძლო. ახალგაზრდა კაცმა გაწყვეტილი ბჭობა გააგრძელა.

    - ჩვენი ძმა, ბრძენი ირდაფირნა გვატყობინებს, რომ კუნძულელები დახმარებას ხშირად თავად გვთხოვენ. მათი დიდებულები, თუკი შეიძლება ბერძენთა ტირანებს ასე ვუწოდოთ, – ირდაბანუშმა ზიზღით ჩაიღიმა, - უჩვენოდ თავიანთ ტახტებზე ორ სავსე მთვარესაც ვერ ძლებენ. იაუნები, ჩემო ბატონო, ურჩი და მოუწესრიგებელი ხალხია. ისინი არც სხვის და არც თავის ხელისუფლებას არაფრად აგდებენ. ბერძნები ერთი დღით ცხოვრობენ, ჰყავთ უამრავი ღმერთები და მათსავით უაზრო, ფუქსავატურ ცხოვრებას ეწევიან.

    - მრავალი ღმერთი ბევრ სხვა ხალხსაც ჰყავს. ჩვენ ვასალთა რწმენის საქმეებში არასოდეს ვერევით. შენ საუბარი საითკენ მიგყავს, მე კარგად ვერ გავიგე, ირდაბანუშ, - მშვიდად აღნიშნა უტანამ.

    - მე იმისი თქმა მინდა, ღირსეულო უტანა, რომ ჰელასში არ არის ძალა, რომელსაც ამ ხალხის ერთ მუშტად შეკვრა, დარაზმვა, გაერთიანება შეუძლია. თუკი დიდებული სუნკის ნება იქნება, ჩვენ იაუნებს ნაწილ-ნაწილ ადვილად დავიპყრობთ. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ უამრავი კუნძულებისა და ეგეოსის დასავლეთ სანაპიროს მართვა ჩვენც გაგვიჭირდება. ეს ერთი ქვეყანა არ არის, დიდო დარიავახუშ! - ახალგაზრდა სარდალი ისევ გვირგვინოსანი ძმისკენ შებრუნდა, - დაპყრობის შემდეგ კაცურად რომ მოელაპარაკო, ამისთვის მათ ერთი მეფეც კი არა ჰყავთ.

    ქშაიარშამ ცისფრად შეფერადებულ ზღვაზე მიმობნეული თითქმის ყველა კუნძული მზერით მოიარა. ბევრ მათგანს იგი სახელით ცნობდა. გასაოცარი მახსოვრობის წყალობით მან ისიც კი იცოდა, თუ რომელ მათგანზე რა სიმდიდრე მოიპოვებოდა. კუნძულები, რომლებიც უკვე იმპერიაში შედიოდნენ ან მას ხარკს უხდიდნენ, რუქაზე ლომისთავა ოქროს ქინძისთავებით იყო მონიშნული. ვერცხლის საბადოებით მდიდარი რამოდენიმე კუნძული ჯერ-ჯერობით იმპერიას არ ეკუთვნოდა, ირდაბანუში კი მათზე ყურადღებას რატომღაც არ ამახვილებდა. ქშაიარშას ეს ამბავი გაუკვირდა. შემდეგ მისი ყურადღება ყველაზე დიდმა ნახევარკუნძულმა მიიპყრო. პელოპონესი. ყურმოკრულად გაგონილ ქალაქ არგოსს თუ არ ჩათვლიდა, ამ მიწების შესახებ უფლისწულმა ბევრი არაფერი იცოდა.

    - რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ასეთი უცნაურობა მხოლოდ ათენში უნდა ხდებოდეს. კუნძულელებს, მეფეები თუ არა, ტირანები მაინც ჰყავთ, - წვერი მოიქექა გაუფარუვამ.

    ქშაიარშამ თვალები მაშინვე ატიკის ნახევარკუნძულისაკენ გადმოაცოცა. უცებ რუქაზე რაღაცა მოზრდილ ლაქად დაეტყაპა. ყველამ ზევითკენ აიხედა. აბრდღვიალებული ჭრაქის ბუდიდან ნელ-ნელა ზეთი ჟონავდა. დარიავახუშს წამით მზერა გაეყინა.

    - ამ ღამით ვიღაცას როზგი არ ასცდება, - გაიფიქრა ქშაიარშამ.

    ბერიკაცთა ყურადღება ისევ საქმისაკენ რომ გადმოეტანა, მეფის ძმამ მოგუდულად ჩაახველა.

    - შენ სწორედ აღნიშნე, ჩემო ბატონო გაუფარუვა! ათენელები ბერძნებში ყველაზე უარესები არიან! ისინი რაღაც საერთო სამოქალაქო მმართველობაზე ჰბოდავენ.

    - ამ სიბერის ჟამს რას არ გაიგონებ კაცი, - ვიდარნამ, რომელიც ბერიკაცთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ბრძანდებოდა და, კიდევ უფრო ახალგაზრდად რომ გამოჩენილიყო, წვერსაც კი შავად იღებავდა, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.

    - ეგეოსი კრაზანას ბუდეს ჰგავს, დიდო ხელმწიფეო! ჩემი აზრით, ახლა ბერძნებთან რაიმე სერიოზული საქმის წამოწყება დიდი შეცდომა იქნებოდა! – მეფის ძმა მორჩილების ნიშნად წელში მოიხარა და თავის ადგილს დაუბრუნდა.

    ახალგაზრდა ბიძის სიტყვებმა ყმაწვილ ქშაიარშაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

    - როგორ შეიძლება ხელმწიფის გარეშე ქვეყანამ იარსებოს? - გაოცებული უფლისწული თავისთვის გულში მსჯელობდა.

    სპარსეთის მბრძანებელი კარგა ხანს ჩაფიქრებული იჯდა, შემდეგ მზერა უსიტყვოდ ზოფირუშზე გადაიტანა.

    - დიდებულო სუნკი, ირდაბანუშის ბრძნულ აზრებს მე როგორი პატივისცემითაც ვეკიდები, შენ კარგად მოგეხსენება!

    ამის გაგონებაზე ქშაიარშას ჩუმად ჩაეცინა. იგი ბებერი მელას ხრიკებს ხუთი თითივით იცნობდა. ზოფირუში თავის სიტყვას თუკი ვინმეს ქებით იწყებდა, აუცილებლად მისი ძაგებით დაამთავრებდა. ამ საერთო ჩვეულებიდან იგი გამონაკლისს მხოლოდ თავად ხელმწიფისათვის უშვებდა. დარიავახუშის მისამართით ზოფირუშს პირიდან ქება-დიდების გარდა არაფერი ამოუშვია. შუაღამისას რომ გაგეღვიძებინათ, მაშინაც დიდება ჩვენ მოწყალე სუნკისო დაიძახებდა, ალბათ. ყურმოჭრილი მონის ასეთი სამაგალითო ერთგულება თვით დარიავახუშის ნდობასაც კი იმსახურებდა. მეფე კი, როგორც საზოგადოდ ცნობილი იყო, თითქმის არავის ენდობოდა!

    - ღირსეული ირდაბანუშის სიტყვები, რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა და მხოლოდ მის დიდ გამოცდილებასა და სიბრძნეზე მეტყველებენ, - ცოცხალ, პატარა თვალებში ეშმაკუნებშეჩენილმა დიდებულმა მეფის ძმა მლიქვნელი ღიმილით შეაქო და მაშინვე მისი რჩევის გაცამტვერებას შეუდგა, - იაუნებში არეულობაა, ეს მართალია, მაგრამ ეს ხომ ჩვენთვის ხელსაყრელიც კია? განა, ცოტა დაქუცმაცებული და არეულ-დარეული ხალხები დაგვიპყრია? საკაელებთან ბრძოლების დროს ელინთა მიწები შენ თავად არ გადაიარე, დიდებულო სუნკი? მაგათი ბევრი ტომი დაიპყარი კიდეც! შენ და მამაჩემმა, ღირსეულმა ბახაბაქშამ, მზის ქუდებიან ბერძნებამდეც კი მიაღწიეთ!

    ამ სიტყვების წარმოთქმისას ზოფირუშმა აბარ-ნაჰარას სატრაპისაკენ სწრაფი მზერა ისროლა, ღმერთი არ გამიწყრეს და ამ სახელოვანი ლაშქრობის გახსენება ბერიკაცმა მის თავის მოსაქონად ნათქვამ მლიქვნელობაში არ ჩამითვალოსო. საბედნიეროდ, მამამისი ადგილზე მშვიდად იჯდა და შვილის მსჯელობას გულისყურით უსმენდა. ლოყაწითელა დიდებულის სიტყვებმა სულ სხვა ვინმე გააღიზიანა.

    - ხმელეთზე ბრძოლა ერთი საქმეა, ზოფირუშ, კუნძულებზე და ზღვის ვიწრო სანაპიროზე კი მეორე! - ინდაბანუშმა მოსაუბრეს სიტყვა მოუთმენლად გააწყვეტინა. - ჩვენ იქ წესიერად საბრძოლო ეტლებსაც კი ვერ გამოვიყენებთ!

    - იაუნების უყურადღებოდ დატოვება მაინც არ შეიძლება! - გაცხარდა ზოფირუში, - მაგათ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1